სპირომეტრიის მსოფლიო დღე
2012 წლის 27 ივნისს-27 ივლისს,
ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადის პერიოდში საერთაშორისო რესპირაციული
საზოგადოებების ფორუმის - Forum of International Respiratory
Societies (FIRS) და ევროპის ფილტვის ფონდის - European Lung
Foundation (ELF) ინიციატივით აღინიშნება სპირომეტრიის მსოფლიო
დღე. ამ კამპანიის მიზანია მოსახლეობის ინფორმირება და იმ პირების
უფასო გამოკვლევა, რომლებიც 40 წელზე მეტი ასაკის არიან და ეწევიან
სიგარეტს, აქვთ ქრონიკული ხველა და აღენიშნებათ ქოშინი სიარულის
დროს.
საქართველოში (და მთლიანად ამიერკავკასიაში) ეს ღონისძიება ჩატარდა
პირველად და მის ორგანიზება საქართველოს რესპირაციულ ასოციაციასთან
ერთად განახორციელა ქალაქ ბათუმის მერიამ. ამ კამპანიის ადგილად
შერჩეული იქნა ბათუმი, ვინაიდან ჩავთვალეთ, რომ ზაფხულის პერიოდში
სპირომეტრიის მსოფლიო დღის ბათუმში ჩატარება და მისი რეკლამირება
მასმედიის, სოციალური მედიის და ინტერნეტის საშუალებით კარგად
წარმოაჩენდა ბათუმს, როგორც არა მხოლოდ რეგიონის მნიშვნელოვან
საერთაშორისო ტურისტულ ცენტრს, არამედ ასევე როგორც მოსახლეობის
ჯანდაცვაზე ორიენტირებული საერთაშორისო პროექტების
განმახორციელებელ ადგილს. ეს ღონისძიება ასევე შეუწყობს ხელს
ცხოვრების ჯანსაღი წესის რეკლამირებას, ვინაიდან ფოკუსირებულია 40
წელს გადაცილებულ თამბაქოს მწეველებზე და ნათლად მიუთითებს
სიგარეტის მავნებლობაზე.
სპირომეტრიის მსოფლიო დღის ვებ-გვერდზე
(http://www.wsd2012.european-lung-foundation.org/17520-find-an-event.htm),
სადაც მსოფლიოში ამ კამპანიის ჩატარების ქალაქებია აღნიშნულია,
განთავსებულია ბათუმი და ანონსირებული იყო ღონისძიების ჩატარების
ადგილი და დრო.
როგორც წესი, სპირომეტრიის მსოფლიო დღე ტარდება ქალაქის ხალხმრავალ
უბანში, სადაც ეწყობა კარვები. ბათუმის მერიის მიერ ამ აქციის
ჩატარების ადგილად განისაზღვრა ევროპის მოედანი.
30 ივნისს, დილის 10 საათიდან ევროპის მოედანზე განთავსდა
საინფორმაციო ბანერები და გაიშალა 4 კარავი, რომლებშიც 11 საათიდან
18 საათამდე ჩატარდა მოსახლეობის უფასო გამოკვლევა და,
აუცილებლობის შემთხვევაში, კონსულტირება.
ამ დღეს გამოკვლეულ იქნა 172 მოქალაქე, მათგან 87 კონსულტირებულ
იქნა პროფ. თ.მაღლაკელიძის და პროფ. კ.ვაჭარაძის მიერ.
სპირომეტრიის მსოფლიო დღის ბათუმში ჩატარების გადაწყვეტილება
მნიშვნელოვანწილად განაპირობა ამ პროცესში ქ. ბათუმის მერის, ბატონ
რობერტ ჩხაიძის აქტიურმა ჩართულობამ და თანადგომამ, რისთვისაც
გვინდა მას განსაკუთრებული მადლობა მოვახსენოთ. საორგანიზაციო
საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისათვის ასევე მადლობას ვუხდით ქ.
ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმის და სპორტის
სამსახურს და მისი უფროსს, ბ-ნ მამუკა თამაზაშვილს და ავანტე –
ჰოსპიტალების მართვის ჯგუფის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრის
ადმინისტრაციას – ბ-ნ ჯამბულ სურმანიძეს და კახა კაცაძეს. |